ნაშრომების მიღებისა და შერჩევის წესი
ჟურნალში გამოსაქვეყნებლად ნაშრომების მიღება ხორციელდება კალენდარული წლის განმავლობაში დადგენილი ვადების შესაბამისად.
ავტორმა ნაშრომთან ერთად უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით დადასტურებული თანხმობა ნაშრომის ორიგინალობის თაობაზე. ნაშრომის ჟურნალისთვის წარდგენა თავისთავად ნიშნავს ავტორის თანხმობას, რომ გამოქვეყნების შემთხვევაში ნაშრომი გავრცელდეს CC BY 4.0 ლიცენზიით — ცალკე ხელმოწერილი დოკუმენტი ამისთვის არ მოითხოვება.
ნაშრომების შერჩევა ხორციელდება ორმხრივად დაფარული ანონიმური რეცენზირების (double-blind peer review) საფუძველზე, სარედაქციო კოლეგიის მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად. დაცულია როგორც ავტორის, ისე რეცენზენტის ვინაობის კონფიდენციალურობა.
თითოეულ ნაშრომს განიხილავს არანაკლებ ორი დამოუკიდებელი რეცენზენტი; მოსაზრებათა არსებითი შეუთანხმებლობის შემთხვევაში სარედაქციო კოლეგია იწვევს დამატებით, მესამე რეცენზენტს.
რეცენზირების შედეგად შესაძლებელია მიღებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
– ა) ნაშრომის მიღება უცვლელად;
– ბ) ნაშრომის მიღება პირობითად, ავტორის მიერ რეცენზენტის შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ;
– გ) ნაშრომის უარყოფა.
ავტორს, რომლის ნაშრომიც უარყოფილია, უფლება აქვს წერილობით მიმართოს სარედაქციო კოლეგიას საკითხის ხელახალი განხილვის მოთხოვნით (აპელაცია), თუ მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია პროცედურული დარღვევით ან არსებითი გარემოებების გაუთვალისწინებლად. სარედაქციო კოლეგია განიხილავს აპელაციას წარდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.